ვალერიან ვეკუა

მარტი 11, 2011

ვალერიან ვეკუა – მწყემსო კეთილო

კრებულიდან “შვიდი საყვირი”

მამულზე დარდმა მომიწყო ჯანყი,
არღვევს გრიგალი ფიქრების ტალღებს.
ამ ქარიშხალში მეზღვაურივით,
აღარ ვეშვები ცხოვრების საჭეს.

როგორ ვუყურო სისხლიან ხელებს?
ან კიდევ ამდენ ცრემლების ჩანჩქერს?!
ნესტანი დღესაც ტყვე არის ქაჯეთს,
დემონი ისევ, ისევ ხარხარებს.

აღარ მღერიან აქ იავნანას,
ცეცხლს უკიდებენ აკაკის აკვანს.
ვინ უმკურნალებს ფშაველას არწივს,
კავკასიონზე ამაყად გაზრდილს…

სადღაა სახე, ვუყურებ ნიღბებს,
კვლავ თაყვანს სცემენ კერპებს, ქიმერებს,
ღმერთო მაღალო, მწყემსო კეთილო,
შენ გადმოხვედე მაცხოვრის შვილებს!

თებერვალი 15, 2011

ვალერიან ვეკუა – ჰე, მებადურო!

ჰე, მებადურო! აღმოსავლეთით ისროლე ბადე,
იქ დაუმალავთ ოდითგანვე დიადი სიბრძნე.
ავთანდილიც ხომ აღმოსავლეთით ეძებდა ნესტანს,
არა მიწიერს, არა მოკვდავს, არამედ ღმერთქალს.

ქაჯეთის ციხე აღებული გვეგონა თითქოს,
ამ საიდუმლოს განაცხადებს თვით ბრძენი დივნოს,
ბოროტებაზე იმარჯვებსო ბოლოს კეთილი,
ასე მღეროდა რუსთაველი, კაცი ღმერთქმნილი.

 

Blog at WordPress.com.