ვალერიან ვეკუა

ივნისი 28, 2023

ვალერიან ვეკუა – ვერ დამგესლავ

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 5:02 AM

ღმერთო, მე შენ გესავ,
მტრისთვის ხანჯალს ვლესავ…
გველო, ავს რომ თესავ,
მაინც ვერ დამგესლავ…
გვდის სისხლი და ცრემლი,
მწყემსს მოელის მრევლი…
მოვა დღე ნათელი,
რომ დადგება რთველი…
სიავეს რომ თესავ,
ორპირო და ქლესავ…
გველო, ვერ დამგესლავ,
შენთვის ხანჯალს ვლესავ!!!

ივლისი 21, 2021

Валериан Векуа – Тоска

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 3:46 PM

Порой печалюсь за прошлых дней,
Подруга юности моей,
Тоска тянется как змей,
Владыка судьбы, злодей.

აპრილი 29, 2021

ვალერიან ვეკუას გამოსაცემი წიგნის, “ენა, მამული, სარწმუნოების” შესახებ მიმოწერიდან

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 9:51 AM

გამარჯვება, ვალერი ბიძია.

ჩავუტარე რედაქტირება გამოთქმებს “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს შესახებ. არის რამდენიმე აზრობრივი თუ სტილისტური ხასიათის საკითხი, რომელიც გასარკვევია და უკეთ გამოსაკვეთი. ამაზე ცალკე, ან როცა შევხვდებით.

ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული არაერთგზის გააზრებულა ეს ეროვნული წმინდა სამება და დაწერილა სხვა და სხვა სოციოლოგიური კვლევა, თუ ნარკვევი, მაგრამ სენტენციების სახით თქვენ სრულიად ორიგინალური ფორმისა და სიღრმის ფიქრთა კრებულს მოუყარეთ თავი, რაშიც მდგომარეობს კიდეც ნაშრომის უმთავრესი ღირსება.

განსხვავებულ დროს ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებული მაქვს “ენისა” და “მამულის” კარედები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ საკითხის გაშლას, ვფიქრობ, უფრო მეტი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ერის ბედზე, ყოფას, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალ ადამიანებს შორის.

ამ შემთხვევაში, საგნის პოლიტიკური მხარე მაინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაშრომის საფუძველი კენტი თეორიული ანალიზით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებითაა შედედებული. ამიტომაა, გამოკვეთილად ძლიერია ზნეობრივი პათოსი. ეს უკანასკნელი კი, დიდაქტიკური ხასიათისას ქმნის თქვენს “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს, რაც მისასალმებელია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ ნაწარმოებ უზნეო, დანაშაულებრივი და სისხლიანი საერთაშორისო პოლიტიკის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დღევანდელ მაინც უფრო დაბალი აკადემიური შეგნების პირობებში უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია თვითონ პოლიტიკის არსი და განსაზღვრება, ამჯერად მისი საფუძვლების ჩამოყალიბება-განხილვას არ შევუდგები, რადგან ეს სრულიად ცალკე თემაა.

ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან მოყოლებული, ადამიანისა და საზოგადოების ყოფა სამყაროული წესრიგის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ამ კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა ეგვიპტელების ქალღმერთი-მაატი, რომელიც თვით ღმერთების არსებობის მომწესრიგებელი ძალის სახით გვევლინებოდა. შუმერში გვაქვს დურ-ან-ქი (კავშირი ცასა და მიწას შორის), რაც არა მარტო ანტიკურობის უდიდეს ქალაქს-ბაბილონს, არამედ შუმერისა და ბაბილონის ხანის სხვა დიდ ქალაქ-სახელმწიფოებს აღნიშნავდა. ანუ არსობრივად, შუამდინარეთის პოლისების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებადი კავშირი მიწასა და ზეცას შორის წარმოადგენდა დაახლოებით იმას, როგორ ერთობასაც გულისხმობს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია”-ში მოხსენიებული შინაგანი და გარე სამყაროს ურთიერთთანხვედრა.

ამ მითაჟამური ტრადიციის გაგრძელება იყო პრეელინურ კულტურებზე ამოზრდილ ძველბერძნულ ცნობიერებაში ადამიანის მნიშვნელობის ზრდა პოლიტიკურ მოღვაწეობასა და პოლისის ფარგლებში, სადაც ქალაქ-სახელმწიფო მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის შემოქმედების ნაყოფი (უღრმესი ესთეტიკური დატვირთვითაც). თუმცა, მაშინაც ელადის ქალაქების საუკეთესო შვილთა მისწრაფებას პოლისში დამყარებული წესრიგის სამყაროული ჰარმონიის მიხედვით გამართვა წარმოადგენდა. რენესანსული პერიოდისაგან განსხვავებით ანტიკური ხანის პოლიტიკოსისა და პოლიტიკურ საქმიანობაში განმსაზღვრელი იყო ქველი ზნეობა. ასწლეულების განმავლობაში შემთხვევით არ წარმოადგენდნენ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, სენეკა, კვინტილიანე, ბოეციუსი სასულიერო, თუ საერო ინტელიგენციის ორიენტირებს.

მაგრამ, აი, დადგა აღორძინების ხანა, სადაც დასავლეთის გვიან შუა საუკუნეების სულიერმა კრიზისებმა და აპოსტასიამ გონების პრიმატი გამოიწვია. ამის შედეგი იყო, მექანიკური მსოფლმხედველობის გაბატონება ჯერ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე, ხოლო შემდეგ კვანტურ მექანიკამდე.

რა მოვლენა იყო ეს?

თანამედროვე მეცნიერებების წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა ფრენსის ბეკონმა, როგორც მექანიციზმის თეორეტიკოსმა, ხოლო გალილეო გალილეიმ – როგორც პრაქტიკოსმა. სინამდვილის შესწავლა მათემატიკური მეთოდის მიხედვით დაიწყო, სადაც “საბუნებისმეტყველო ფილოსოფია” რეალობის ამა თუ იმ დეტალს იკვლევდა ნებისმიერი გარეპირობისაგან განკერძოებულად. ნაწილის შესწავლის მიზანი მთელის დაუფლება, შეცნობა გახდა, რადგან შემეცნება მოიაზრებოდა, როგორც ძალა და ადამიანის სამყაროზე გაბატონების საშუალება. შემეცნების პროცესის მთავარ მეთოდად ექსპერიმენტი იქცა.

სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება პოლიტიკური მეცნიერების დაბადება, როცა ნიკოლო მაკიაველიმ და თომას ჰობსმა მექანიკური მოდელი საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების შესწავლას მიუსადაგეს. შესაბამისად, ისინი პირველები იყვნენ, ვინაც პოლიტიკას და საზოგადოებას ზნეობისა და მეტაფიზიკისაგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ. ამიტომაა, საზოგადოებრივი ურთიერთობების განყენებული განხილვა უფრო მათი მოდელის სტრუქტურულ დადგინებამდე მიდის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური მეცნიერების მამები არ გამორიცხავდნენ ზნეობა-მეტაფიზიკის ურთიერთობას პოლიტიკასთან, როგორც ეს, სამწუხაროდ, არაერთ საკითხში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია.

თომას ჰობსი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის (სადაც ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს, ზიანი მოჰქონდეს) შემზღუდველ მექანიზმად, სადაც მისი თითოეული წარმომადგენელი თანასწორია სახელმწიფოს წინაშე. აქვე შემუშავებულ იქნა ანტიკურისაგან განსხვავებულ ახალ ხანაში გაჩენილი კონცეცია სახელმწიფოს შესახებ: თუკი პლატონ-არისტოტელესთან სახელმწიფო ჭეშმარიტებამდე მისაღწევი საშუალებაა, შუალედური მექანიზმია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ბედნიერების მისაღწევად (ეუდაიმონია), აქ თვითონ სახელმწიფო აწესებს ჭეშმარიტებას, აკანონებს ზნეობას. თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მიმართებამ მაშინ, როცა საზოგადოება ფსევდო-ღირებულებებითაა მართული და მათ ემყარება, ამის უცხადესი მაგალითი XX საუკუნე იყო. როდესაც ზნეობრივი პოლიტიკის კონცეფციით სახელმწიფოს სათავეში უზნეოთა მთავრობაა მოქცეული, ან საზოგადოებაა უზნეო, ან ორივე ერთად (კიდევ უარესი), მაშინ უზნეობის ნორმადქცევის ტენდენცია იძალებს, ან უზნეობა იქცევა საზოგადოებრივ ნორმად. გასული და ჩვენი ასწლეულის პერიოდში დამყარებული ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები (მათ შორის, ჩვენს სამშობლოში) ამაზე ნათლად მეტყველებენ. ამად, არაორაზროვანია თქვენი სენტენციების ზნეობრივ-დიდაქტიკური ხასიათის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკური ამინდის დაკნინების პირობებში და მათი აქტუალურობა თანამედროვე ქართულ, თუ მსოფლიო პოლიტიკაში.

2008 წელი

წყარო: “ვალერიან ვეკუას გამოსაცემი წიგნის, “ენა, მამული, სარწმუნოების” შესახებ მიმოწერიდან”

ვალერიან ვეკუა – მზე

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 9:24 AM

მზე-მშვენიერია, დიდებული და მიუწვდომელი. მზე სიცოცხლეა… ღმერთიც ხომ სიცოცხლეა და მიუწვდომელი…

მზესა და მზის ღმერთს ძველი ეგვიპტელები “რა”-ს ეძახოდნენ. კოლხების ფესვებიც ეგვიპტეს უკავშირდება. იქნებ იქიდან იღებს სათავეს სიმღერა-“ო, რე რა, რა ნინა”, რაც მეგრულად სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება-“ო, არის მზე, მზის ენა”… ვინ იცის, იქნებ ეს ძველი კოლხური ჰიმნიცაა, მზისადმი მიძღვნილი.

საქართველოში მზისადმი თაყვანისცემაზე და სიყვარულზე მეტყველებს აგრეთვე სიმრავლე ისეთი საკუთარი სახელებისა, როგორებიცაა: მზეჭაბუკი, მამამზე, პირიმზე და ა.შ.

კოლხებში ერთი დღე მზის დღედ ითვლება, მეგრელები კვირას “ბჟაშდღას” უწოდებენ, კვირა უქმე დღეა, მზის დღე (ბჟაშდღა), ე. ი. ღმერთის დღე…

ძველი ბერძნები კოლხეთის ერთ-ერთ უდიდეს მდინარე რიონს-ფასის, ანუ ფაზის (სტრაბონი, ჰეროდოტე, არიანე და სხვ.) უწოდებდნენ. ფაზისში იქნებ ისინი “მზის წყალს” გულისხმობდნენ და გამორიცხული არაა, ქართულადაც ასე ერქვა მაშინ მდინარე რიონს. ღვთიური ქვეყანა აიას უმთავრეს მდინარეს…

სახელწოდება შეიძლება, კოლხურად თუ ვიტყვით, “ფშა მზისი”-დან მოდიოდეს. ამიტომაც, შესაძლოა, აქ ბერძნული ძირი არც იყოს საძებნი, რადგან როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში-კოლხეთში, ხშირია წყლიდან წარმომდგარი გეოგრაფიული ადგილის სახელწოდებები: სქური, სქურჩა, ფშავი, ფშაფი და ა.შ.

შესაძლოა, მდინარე რიონის დღევანდელი სახელწოდებაც წარმოიშვება სიტყვებისაგან “რა-იონი”, რაც მეგრულად “მზე წაიყვანე”-ს [რა (მზე) – იონი (წაიყვანე)] ნიშნავს… ვინ იცის?

დიდ შოთას, თავის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში“, მზე ღმერთთან ჰყავს გაიგივებული. ქალბატონი სოფიო ღლონტი, თავის ნაშრომში „ზვიად გამსახურდიას ქრისტიანული მრწამსი“, ყურადღებას ამახვილებს მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომ „მზესთან შედარება გმირისა, მიმართვა: „მზეო“, „მთვარეო“ ჩვეულებრივი მოვლენაა „ვეფხისტყაოსანში“ ისევე, როგორც საერთოდ აღმოსავლეთის პოეზიაში. პოემაში რამდენჯერმე გვხვდება სიტყვა „სამყარო“, მასთან დაკავშირებული „სამყაროს მზე“, „ზენა მზე“-ეს ეპითეტები მხოლოდ ტარიელთან, ან ნესტანთან მიმართებაში გამოიყენება, რაც ავტორის აზრით, ნამდვილად არ არის შემთხვევითი. პოემაში პირველივე ხსენება ტარიელისა დაკავშირებულია სამყაროსთან:

„უცხოსა და საკვირველსა ყრმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე“.

ეს სტრიქონები მიუთითებენ, რომ ტარიელი არის სამყაროს მზე, ანუ ღმერთი… (შუქის გამოცემა ხომ რიგით მოკვდავს არ ძალუძს. მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ ნათება, ანუ შარავანდედით შემოსვა…). ასეთივე ქვეტექსტი აქვს ავთანდილის სიტყვებს, რომელსაც იგი ამბობს ტარიელთან პირველი შეხვედრისას:

„სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა“…

ზემოთაშნიშნული ამონარიდი ქალბატონ სოფიო ღლონტის ნაშრომიდან მეტად მნიშვნელოვანია და მიგვანიშნებს შოთა რუსთაველის დამოკიდებულებაზე მზისადმი, როგორც ღმერთისადმი.

მზე, მოგეხსენებათ, ყველგან აღმოსავლეთიდან ამოდის ხოლმე, თანაბრად მოეფინება და ათბობს ყოველივე მიწიერს. ჩემს მშობლიურ აფხაზეთში, კოლხეთის ამ ნარინჯოვან, მზიან მხარეში მზე, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთიდან ამოდის… გულრიფშისათვის, სადაც მე დავიბადე და ავიდგი ენა, აღმოსავალი მდინარე კოდორის შუაწელი და მთა ოტორონჯეა, საიდანაც ყოველ დილით ამოიწვერება მზე, თავისი ბრწყინვალებითა და მშვენიერებით.

დიახ, მზე ჩემს ოდაბადეში ყოველ ცისმარე ოტორონჯის მთიდან ამოდის და ეს აღმასვლა, ზაფხულში თორმეტიდან პირველი საათისათვის აღწევს ზენიტს. შემდეგ, მზე გეზს დასავლეთისაკენ იღებს, საღამოს პირზე კი ქალაქ სოხუმიდან ათი-თხუთმეტი კილომეტრის მოშორებით ჰორიზონტს გადაჭრის და ნელა იძირება ზღვაში. თითქოს ფეხს ითრევსო, უჭირს მზესქვეშეთთან გამოთხოვება…

მზე ჩასვლის შემდეგაც ერთხანს ოქროსფრად ასხივოსნებს ცის კაბადონს და მაღლიდან ანარეკლი შუქი ლივლივას ხდის ზღვის ზედაპირს. ეს ლივლივი თითქოს ნიშანიაო, ათასობით თოლია ჟრიამულითა და ყიჟინით აიჭრება მაღლა, ფრთების ტყლაშუნით შემოჰკრავენ ტაშს და ამდაგვარი აპლოდისმენტებით ეთხოვებიან მზეს, მომავალ შეხვედრამდე, რათა ისევ მოუწყონ მას მხიარული გაცილება… თოლიების ამ ჟრიამულს დელფინებიც უერთდებიან. ისინი წრიული ნახტომებით ამოიჭრებიან ზღვიდან, ჩაყვინთავენ უკან და ასე ლამობენს ჩაძირული მზის გადარჩენას.

მეგრელები მზეს „ბჟა“-ს უწოდებენ. „ბჟა“ რძეს ნიშნავს მეგრულად. რძე რომ სიცოცხლის წყარო და მასაზრდოებელია, დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.

მზე მართლაც დიდებულია თავისი მშვენიერებით…

მზე მარადიულია, როგორც ღმერთი!…

ვალერიან ვეკუა – ენა, მამული, სარწმუნოება

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 9:16 AM

კარედიდან “მამული”

* მამულის თვალი ყველგან მოგწვდება.

* მამულის გული ერია და ამიტომაც მტრის სამიზნე გულია უფრო.

* მამულს რაც უფრო მოეფერები, მისგანაც მეტი სითბო მოგეფინება უთუოდ.

* მამულის სიდიადეს სიყვარული ასაზრდოებს.

* მამულს სახელს მამულიშვილები უხვეჭენ.

* მამულისთვის წვა სასუფევლს გაგინათებს.

* მამულს ჩაეხუტე და ჩაგიხუტებს.

* მამული ერის სიმტკიცითაა მტკიცე.

* მამულის თავისუფლება ერის თავისუფლებაა.

* მამულის სიმდიდრე ერისაგან გაფრთხილებას მოითხოვს.

* მამულის სიამაყე მამულიშვილთა სახელია.

* მამულის ძილი ერის მიძინებიდან იწყება.

* მამული საფრთხეშია, თუ ერი მიძინებულია.

* მამულს გარჯა ამშვენებს.

* მამულს მზრუნველობა წამალივით უხდება.

* მამული მამულიშვილის მზე და მთვარეა.

* მამული მამულიშვილით ხარობს.

* მამული საუნჯეა, რომელიც მამულიშვილთა მზრუნველობას საჭიროებს დღენიადაგ.

* მამულიასთვის მამულიშვილები იხარჯებიან მხოლოდ.

* მამულის შენება მამულიშვილთა ვალია.

* მამულის ძუძუნაწოვია მამულიშვილი.

* მამულის ბედით თამაში დანაშაულია.

* მამულს მოთქმით ვერ გადაარჩენ.

* მამულისათვის სიკვდილი თვით სიკვდილს ამარცხებს.

· მამულის სიყვარულით გული მუდამ ჩირაღდანივით უნდა იყოს ანთებული.

* მამულის დასაცავად მამულიშვილთა ხმლები მუდამ შემართულია და დაუნდობელი.

* მამულს რომ უმღერო, მამულის სიყვარულით უნდა გიძგერდეს გული.

* მამულს უბედურება თავისთავად არ ატყდება.

* მამულის ბედი ხშირად ყოფილა სასწორზე შეგდებული ავანტიურისტთა ძალისხმევით.

* მამული თვალისჩინია.

* მამულზე ლოცვას უფალი უგდებს ყურს.

* მამულის ხმა ღმერთს ეყურება.

* მამულის ქომაგს თვალი ორბისა, ხოლო მუხლები მგლისა უნდა ჰქონდეს.

* მამულში ირწევა მამულიშვილის აკვანი.

* მამულის ძახილზე ფეხზე უნდა დადგეს ერი და ბერი.

* მამულს ზღუდეები მტკიცედ უნდა ჰქონდეს გარშემორტყმული.

* მამულზე მაღლა ღმერთია მხოლოდ.

* მამულს ღმერთი მიუჩენს ერს.

* მამული უფლისგანაა ნაკურთხი.

* მამული ვექილს არ საჭიროებს; მის სიმართლეზე ღმერთი ღაღადებს.

* მამული მამულიშვილს უხსნის გულისკარს.

* მამულის ნდობა ტვირთია, მთელი სიცოცხლე საპატიოდ სატარებელი.

* მამული და ერი განუყოფელია.

* მამულის ბედნიერება ერის ბედნიერებაა.

* მამულს თუ უჭირს, ერი ვერ იქნება დალხენილი.

* მამულს არ ირჩევენ; იგი ერის სამარადჟამო სამკვიდროა.

* მამულში ზარია, როცა ერში ბზარია.

* მამულის სამსახური საღვთო საქმეა.

* მამულის შუქი მამულიშვილს გზას უნათებს მწვერვალების დასაპყრობად.

* მამულის სამსახურისთვის გასამრჯელოს არ ითხოვენ; .

* მამულის სამსახურისთვის მამულიშვილს დამსახურების უკვდავსაყოფად თაობები ხსოვნით უხდიან.

* მამულის უმაღლესი ჯილდო მამულიშვილისადმი უკვდავებაა.

* მამულის სიყვარული ამაღლებაა.

* მამული ანდამატივით მიმზიდველია.

* მამული ნოსტალგიის უშრეტი წყაროა.

* მამულის იყავ ქომაგი, შვილს წინ დაგხვდება ორმაგი.

* მამულის მარცხით იწყება ერის უბედურება.

* მამული რაინდთა სამჭედლოა.

* მამულს ვერ დააჩოქებენ, თუკი ერი ჰყავს უდრეკი.

* მამულმა გაიხარაო, მტერს თვალი დაეთხარაო.

* მამულმა გაიხარაო, ბოროტს და ავის მოსურნეს საფლავი გაეთხარაო.

* მამულის უკვდავება ენასა და სარწმუნოებაშია.

* მამულის მკერდზე წერია, არ გაახარო მტერია.

* მამულმა გაიხარაო, მტერმა ცრემლები ღვარაო.

* მამულის კერა ჩაუქრობელია.

* მამული ჩონგურია, რომლის სიმები ერის გულში გადის.

* მამულს ამკობენ გმირები, მისთვის თავგანაწირები.

* მამულის დესპანი ვერ იქნება იგი, ვისაც მამულის სიყვარულით არ უძგერს გული.

* მამული, უფლის ნებით, უზენაესი მსაჯულია.

* მამული ხიდია სასუფევლამდე.

* მამულს, თუ ერთი თაობა ბურჯს გაუმტკიცებს, მაშინ თაობები ამ ბურჯზე აუღებელ ციხე-სიმაგრეს ააგებენ.

* მამულის უღელი ერთდროულად მძიმეცაა და ტკბილიც.

* მამულის სამსახურისთვის მადლობას ერი გადაგიხდის.

* მამულის ფარია მამულიშვილი.

* მამულზე მგზნებარე გულითა და ტბილი ხელებითაა საზრუნავი.

* მამულის კარიბჭის გასაღები საიმედო ხელს უნდა ეჭიროს.

* მამულის კერა ერს ათბობს.

* მამულის დარაჯი ერის რჩეული უნდა იყოს.

* მამულის კვნესა დედის კვნესაა.

* მამულს მონური სულით ვერ უპატრონებ.

* მამული აღგამაღლებს, თუ სამამულოდ გაირჯები.

* მამულს ტვირთს მამულიშვილი უმსუბუქებს.

* მამულის ბურჯი ერის ბურჯიცაა.

* მამული ეის მასაზრდოებელია, ხოლო ერი კი-მამულის უკვდავმყოფელი.

* მამულს ერი უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

* მამული არ აქვს მანქურთს.

* მამული ხატია, რომლის სადიდებლად მუხლმოხდრეკით ლოცულობს ერი.

* მამულში, როგორც ოჯახში, მასპინძელმა სტუმრად არ უნდა გაიხადო თავი.

* მამულში მტერსაც და მოყვარესაც დამსახურებისამებრ ერი მიუჩენს ადგილს.

* მამულს ხშირი სტუმრიანობა უფრო დააქცევს, ვიდრე ააშენებს.

* მამულის ხმა ცხრა მთის იქითაც მოგწვდება.

* მამულში გაჩენილი ხანძარი შენც მოგწვდება, დროზე ჩასაქრობად თუ არ გაისარჯე.

* მამული მზეა და ერს ახარებს.

* მამული ალიონია, რომლის ნათელსაც მიელტვის ერი.

* მამულის იმედი ერია.

* მამული თუ ტყვეობაშია, ბორკილები ერის სატარებელია.

* მამულში ლოდიც მშობლიურია.

* მამულის კეთილდღეობა ერთბაშად არ მიიღწევა; ამ საქმეს ერი ემსახურება და თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც წინაპართა წინაშე უპირობოდ გადასახდელი ვალი.

* მამული გულს აგინთებს, ანთებული გული კი გზასავალს გაგინათებს.

* მამული მწვერვალია, რომლის დაპყრობა თითოეულ მამულიშვილს მოეთხოვება, მიუხედავად მოსალოდნელი მსხვერპლისა, რაც მიზნის მიღწევას შეიძლება მოჰყვეს.

* მამული წუთისოფლადაა სულის სავანე, ზეცაში კი-ცათა სასუფეველი.

* მამულისგან დაშორება უკურნებელი იარაა.

* მამულის კვნესა ტირანს არ ესმის მხოლოდ.

* მამულის სიტყვა გადამჭრელია და არავის ეპატიება მისი ჩახშობა.

* მამული თუ სისხლისაგან იცლება, ერი მუხლმაგარი ვერ იქნება.

* მამულის ცეცხლი მამულიშვილის გულში ანთია.

* მამული არ დაიჩოქებს, თუ ერმა არ დაიჩოქა.

* მამულის წაქცევამდე ერია დაქცეული.

* მამულს ერთი გზა აქვს მხოლოდ, რომელიც ქვეყანას შემოგატარებს, მაგრამ ისევ მამულში დაგაბრუნებს საბოლოოდ.

* მამული ის ზარდახშაა, რომელიც შენაძენს საიმედოდ შეგინახავს.

* მამული თუ ტაძრად არ იგულე, ტაძრამდე ვერასოდეს მიხვალ.

* მამული ენითა და სარწმუნოებითაა მადლმოსილი.

* მამულის წინაშე ვალმოდხილის გზა უფლისაკენ მიდის.

თებერვალი 3, 2020

ვალერიან ვეკუა – მეხრის ურმული

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:38 PM

ბოლო არ უჩანს კირთებას დღემდე…
ხელებს დრო და დრო იბანს პილატე…

იუდამ ვერცხლზე გაყიდა სული…
იბერიაა ჯვარზე გაკრული…

სანატრელია მეხრის ურმული…
სიმართლეს თელავს ჩექმა რუსული!!!..

ქ. თბილისი
31. 01. 2020 წელი.

ვალერიან ვეკუა – ცხოვრების მატარებელი

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:36 PM

მიჰქრის ცხოვრების მატარებელი,
ადის და ჩადის გზაზე მგზავრია…
მატარებელი მუდამ გზაზეა,
არ ჰყავს მუდმივი თანამგზავრია…

ქ. თბილისი
30. 01. 2020 წელი.

ვალერიან ვეკუა – ვარსკვლავთცვენა

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:35 PM

იმედია, გავიმარჯვებთ, იმდენია სპა-ლაშქარი…
გვყავს მხედრობა უშიშარი, სპასპეტი და ამირბარი…
შიშით ძრწიან მტერ-დუშმანნი! ვაი, მათი ცოდვა-ბრალი!…
იმდენია პოლკოვნიკი, იმდენია გენერალი…
იმ სისწრაფის ვარსკვლავთცვენა – მიქარვაა ავტორალი…

ქ. თბილისი
29. 01. 2020 წელი

ვალერიან ვეკუა – ზღვარი სიხარბის

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:33 PM

საით ისწრაფვის ადამიანი?!..
რად ვერ დაძლია ზღვარი სიხარბის ?!..
ამაოებას ვინ გადაურჩა?!..
კვლავ უბრუნდება პირველად საწყისს!!!..

ქ. თბილისი
27. 01. 2020 წელი

ვალერიან ვეკუა-ბებერი მუხა

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 12:26 PM

წლებმა ბორკილი ვეღარ დამადეს,
რადგან მეხვია ლომთა კრებული…
ყველა წავიდა, გამოვეთხოვე,
სევდის რაინდი, დამწუხრებული….
მინდორში ვდგევარ, ბებერი მუხა
და ტოტები მაქვს შემოძარცვული…

ქ. თბილისი
26. 01. 2020 წელი

Older Posts »

Blog at WordPress.com.