ვალერიან ვეკუა

ნოემბერი 27, 2019

ვალერიან ვეკუა – მელანქოლია

ჩუმი აისი, ქათქათა ზეცა,
ფიქრების ნისლში ცა ჩამომექცა…
სოხუმი, როგორც თეთრი თოლია,
ჩემი დარდი და მელანქოლია…

არის სამება და არის ჯვარცმა,
სოხუმი წმინდა სალოცავია…
სხა სალოცავი აღარ მქონია…
მელანქოლია, მელანქოლია!!!..

მახვილით მოვა, მოვა მესია,
ყველა მოიმკის, რაც უთესია…
სანთელ-საკმევლის გზა ნათელია…
მელანქოლია, მელანქოლია!!!..

ნოემბერი 21, 2019

ვალერიან ვეკუა – ცისფერი ეტლი

უკუნ ღამეში ვზივარ ოთახში…
იწვის სანთელი და მეც ვიწვები…
ო, ეს ფიქრები, თბილი ცრემლები,
გადანასკვული, როგორც მძივები…
ეს ბნელი ღამე, ეს კუნაპეტი…
სად მიმაქროლებს ცისფერი ეტლი?!

მარტი 11, 2011

ვალერიან ვეკუა – ჯიმა ღურელი (კითხულობს ტატო ვეკუა)

(კრებულიდან “შვიდი საყვირი”)

ვუძღვნი კოლხ ასულს-ლეილა შონიას, გალის რაიონის სოფელ წარშიც მკვიდრს, აფხაზეთის ტრაგედიის კიდევ მერამდენე ღია იარას.

წარჩის ზეგანმა ჩაიცვა თალხი,
ბრუნავს უკუღმა კოლხეთში ჩარხი,
ბედიის ტაძარს ჩამოხსნეს ზარი,
შეწყდა სიმღერა, დილის საარი.

იკივლა ნანამ, შესძრა ქვეყანა,
სიკვდილმა ისევ სძლია სიცოცხლეს,
წარჩელი ცირა, ლეილა მოჰკლეს,
ანაკლიაში ჰყიდიან ანას…

მახრჩობს ცრემლები და მწარედ ვტირი,
შემოგვეჩვია კოლხებს სიკვდილი…
ვტირი, გიორგის რომ ვეღარ ვშველი
დევნილი კოლხი, გულირიფშელი.

ახავოი, ნანა! ჯიმა ღურელი!..
ამდენი გლოვა, ამდენი ცრემლი…
უკვდავებაში არის ნათელი,
გმირებს ავუნთოთ თაფლის სანთელი.

ლეილა-ცრემლი, მშობლების დარდი,
სერაფიმებმა დაკრიფეს ვარდი…
დღეს მისი ბინა სამოთხე არი,
ანგელოზებმა გაუღეს კარი…

წარჩის ზეგანმა ჩაიცვა თალხი,
ბრუნავს უკუღმა კოლხეთში ჩარხი,
ბედიის ტაძარს ჩამოხსნეს ზარი,
შეწყდა სიმღერა, დილის საარი.

*ჯიმა ღურელი-აქ: ძმა მკვდარი (მეგრ) შეცხადება

Blog at WordPress.com.