ვალერიან ვეკუა

ნოემბერი 11, 2019

კონსტანტინე ვეკუა – რას გვიამბობს მაფშალია?

Filed under: Uncategorized — ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , — georgianeli @ 9:26 AM

10967204_863011723740713_1061173014_o

ვალერიან ვეკუა კოლხური ფესვებიდან ამოზრდილი მუხაა. მისი მეგრული პოეზიაც ამ პროტოქართველური სურნელის მატარებელია. როგორც ძველქართულია ჩვენი სიტყვიერების თაფლი, ისეთივე საგანძურია ქართველი ერისთვის მრავალსაუკუნოვანი კოლხური სიტყვის მადლი. რაც უფრო უღრმავდები მის სიმდიდრეს, მით უფრო ორგანულად აღიქვამ ქართული ენის იმ არქაულ პირველსაწყისებს, რომელიც ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ იყო განსხეულებული ჩვენ წინაპრებში.

ვალერიან ვეკუას მრავალფეროვანი შემოქმედების განსაკუთრებულ მარგალიტებს წარმოადგენენ მისი მეგრულად დაწერილი ლექსები. მათში მოკიაფე ვარსკვლავებივით გაბნეული ლირიულობა, სიბრძნე, ღვთისადმი ვედრება, ზნეობა და ეროვნული მოტივები ერთობლიობაში იმ მწყობრად დალაგებულ მოზაიკას ქმნიან, რომელიც განსაზღვრავს ავტორის პიროვნულ პორტრეტს.

მეგრული პოეზიით ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ვალერიან ვეკუას წიგნი „ჩქინი მაფშალია“ სასიამოვნო აღმოჩენა იქნება. აქ ერთდროულად შეიძლება წარმოგვიდგეს ის კოლხური ომახიანი სიდინჯე, შორსმხედველური სიბრძნე, წარსულისადმი რომანტიული სევდა და მელანქოლიის სიღრმიდან ამომავალი იმედი, რომლითაც ასე მდიდარია მეგრული სიმღერები.

რა არის ის მთავარი კოდი, რომელიც უძველესი ნამყოდან მოგვდევს და დღესაც გამოკრთის ჩვენი ერის ცნობიერებაში? ესაა თანატოსისაგან არსობრივად განსხვავებული მედეას, სიცოცხლის ცივილიზაციის ფესვები, რითაც არიან გაჯერებული პრემედიტერანული კულტურები და მათ შორის, კოლხური კულტურა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლური მონაგარია. ვალერიან ვეკუას, როგორც ხელოვანისა და მოქალაქის პოზიცია გადის იმ ხიდზე, რომლის შემოქმედება მიმართულია არა ქვეყნის დანაწევრების ტენდენციის ნებისმიერ გამოვლინებაზე, არამედ ერთიან, ძლიერ და სიყვარულით განმტკიცებულ საქართველოზე, რასაც მთელი თავისი შეგნებული არსებობის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე – სამეგრელო.

ქართული ენისთვის იგივე ფუნქციის მატარებელია მეგრული და სვანური, რომელიც ჩვენი ენის უმდიდრესი საგანძურია. უნდა გავიხსენოთ ჯერ კიდევ XX  საუკუნის პირველი ნახევრიდან დაწყებული დისკუსია ქართული ენის განახლების, გამდიდრებისა და გამართვის შესახებ, რაშიც გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდათ ჩვენი მაშინდელი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს. ანტიეროვნული ხასიათის საბჭოთა ხელისუფლების დროს ამ საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია და 1991-1993 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ შიდა და საგარეო ფაქტორების გავლენით ხელოვნურად თავდაყირა დაყენებული საქართველოსთვის სამწუხაროდ, პრიორიტეტი არსებობისთვის ბრძოლა იქცა და არა თავისი ბუნებრივი განვითარების გზაზე დაბრუნება.

ვფიქრობთ, რომ დიდი ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილისა და აკაკი შანიძის კურსის გაგრძელება იქნება ქართულ სკოლებში მეგრულისა და სვანურის ისეთი ინტეგრირებული მეთოდიკით სწავლება, რომელიც ერთი მხრივ, ქართულ ენას კიდევ უფრო წაადგება და გაამდიდრებს მას, მეორე მხრივ კი, მეგრულსაც და სვანურსაც იხსნის გაქრობისა და განადგურებისაგან. ამგვარად, ნებისმიერი ქართველი უფრო ახლოს და შინაგან იგრძნობს იმ პროტოქართველური ენის თავანკარა მადლს, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. აღნიშნული საკითხი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ენათმეცნიერული განზომილებით, რადგან იგი ამავე დროს, იმთავითვე ატარებს აერთიანი და ძლიერი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბალავარის შინაარსს. ამ მასშტაბური სამუშაოს ორგანიზებასა და განხორციელებას სჭირდება ისეთი საზოგადოებრივი შეგნება და მთავრობა, რომლის ინტერესი მხოლოდ სოციალური და დემოკრატიული განვითარებით კი არ შემოიფარგლება, არამედ თავისი ხასიათით ეროვნულიც იქნება.

ყოველივე ზემოთქმული შესაბამისად აისახება ქვეყნის ცხოვრების სხვა მიმართულებითაც. კერძოდ, დღეს, როდესაც საქართველოს სათავეში კარგა ხანია, რაც არა ჰყავს ქართველი ერის ინტერესების წარმომადგენელი, დამცველი და განმხორციელებელი ძალა, არაა გასაკვირი, რომ ქვეყანაში მოსახლე ეთნიკური უმცირესობებისთვისაც არ გაგვაჩნია ქართული ენის შემსწავლელი დახვეწილი სახელმძღვანელოები. შედეგიც, საკმაოდ ხშირად, არცთუ სახარბიელოა, რაც ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

ხატოვანია ვალერიან ვეკუას მოფერება ვეკუას გვარის ფესვებისადმი. ეს არ არის საკუთარი წარმომავლობის ოდენ ნოსტალგიური აღქმა, არამედ პოეზიით ასურათხატებული ის საგვარეულო ტრადიციაა, რომელიც გვარის უხუცესთა მიერ თაობიდან თაობას დალოცვის სახით გადმოეცემოდა, რათა საკრალიზებულ განწყობას ჯიშის სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცებასა და გახანგრძლივებაში თავისი მზრუნველი წვლილი შეეტანა. ვალერიან ვეკუას პოეზიაც ამ საწყისისა და მწიფე ნაყოფის ორგანული ერთობაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანური ყოფიერების კოსმიური სუნთქვითაა გაჯერებული.

„ჩქინი მაფშალიას“ მეგრული ლექსების კრებულში ზნეობრივ მოტივებთან ერთად შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მკვეთრად გამოხატული ეროვნული პოზიცია, რომელიც წითელ ხაზად გასდევს ავტორის მთელ შემოქმედებას. აქ წარსული, აწმყო და მომავალი ერთ ცოცხალ მთლიანობას წარმოადგენს და უახლესი ისტორიის მოვლენებიც ჰოლისტურ ჭრილშია გატარებული, რომელიც ყველა ჩვენთაგანს პირდაპირ გვეხება. ერთმანეთთანაა დაკავშირებული აფხაზეთში ინსპირირებული კონფლიქტი და მისი შედეგები, აფსუების  ჩრდილოკავკასიური წარმომავლობა და 1991-1993 წლების პუტჩის გამო საქართველოში დატრიალებული უსამართლობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით დღემდე გრძელდება. თუმცა, ვალერიან ვეკუას მართალი სიტყვა არ ეპუება მწარე რეალობას და კონფორმისტების მიერ არჩეული დუმილის მაგივრად დაუდგრომლად ამხელს სამშობლოს დაქცევასა და ისტორიული ღალატის შემოქმედთ. კავკასიის დიდი შვილი, ასლან მასხადოვი ამბობდა: „როცა სამშობლოს პატივს ხდიან, მისი ყველა მამაკაცია შეურაცხყოფილიო“. ქვეყანა თუ ტირის, მისი ჭკუათამყოფელი შვილის გული ვერ მიეცემა მხიარულებას, მაგრამ საზოგადოების მწარე ხვედრის შეცვლა მხოლოდ სამშობლოზე გლოვით ვერ გამოვა, თუკი ჩვენ სახელმწიფოს სათავეში მოსკუპებულ უკეთურებას საჯარო სივრცეში ყოველდღიურად პრაგმატული საქმიანობით არ ვუპასუხეთ. ვალერიან ვეკუას მართალი სიტყვა თამამად შეგვიძლია ამ ქმედით ნაბიჯებად ჩავთვალოთ.

გულში გავლილი ძვირფასი ხალხის, მშობლიური ალაგების ტკივილნარევი მონატრებით და პატივისცემით არიან ნაქსოვი ვალერიან ვეკუას მეგრული ლექსები. ამ გულის გეოგრაფია კი არც კოლხეთით იწყება და არც კოლხეთით მთავრდება.

ავტორის მეგრული პოეზიის კრებულს ბოლოში ამშვენებს გალექსილი ანდაზა-სენტენციები, რომლებიც სამეგრელოსათვის დამახასიათებელი დარბაისლური სიკოხტავითაა გამოყვანილი.

რაც უფრო მეტი მსგავსი წიგნი დაიბეჭდება ჩვენ ქვეყანაში, მით უკეთესი ნებისმიერი გონიერი ქართველისათვის და ქართული ენისათვის, რადგან ასეთი ალალ-მართალი, ნაფიქრი და განცდილი შემოქმედება ერის გულ-მკერდზე ჩამოკიდებული კიდევ ერთი, მორიგი სამკაულია.

2019 წელი

 

 

 

თებერვალი 15, 2011

ვალერიან ვეკუა – ჰე, მებადურო!

ჰე, მებადურო! აღმოსავლეთით ისროლე ბადე,
იქ დაუმალავთ ოდითგანვე დიადი სიბრძნე.
ავთანდილიც ხომ აღმოსავლეთით ეძებდა ნესტანს,
არა მიწიერს, არა მოკვდავს, არამედ ღმერთქალს.

ქაჯეთის ციხე აღებული გვეგონა თითქოს,
ამ საიდუმლოს განაცხადებს თვით ბრძენი დივნოს,
ბოროტებაზე იმარჯვებსო ბოლოს კეთილი,
ასე მღეროდა რუსთაველი, კაცი ღმერთქმნილი.

 

Blog at WordPress.com.