ვალერიან ვეკუა

ნოემბერი 27, 2019

ვალერიან ვეკუა – დიდ არს უფალი

ღამის სიბნელე და ქარიშხალი,
ფიქრი დამყვება თან იდუმალი….
აღარ მასვენებს, როგორც მტარვალი,
განა არსებობს სადმე წამალი?!..

იგი დემონი, სულის მსახვრალი…
ო, რამდენია ირგვლივ მუხთალი?!..
ღმერთი დიდია, დიდ არს უფალი…
პურს კვლავაც შეჭამს ღვთის ს ა მ ა რ თ ა ლ ი !!!..

ნოემბერი 21, 2019

ვალერიან ვეკუა – სინათლის სხივი

საოცარია ღმერთი, ძალა სინათლის სხივის,
მოაქვს საკანში სინათლე და სალამი დილის…

სარკმლიდან მოჩანს, ჭადრაკივით, ნაგლეჯი ზეცის,
პატარა, მაგრამ დამთრგუნველი სასოწარკვეთის….

ადამიანი იბადება თავისუფალი,
არავის ძალუძს, გონი გახდეს ტყვე, პატიმარი…

სულს სიდიადეს რომ ანიჭებს ციდან უფალი,
უმთავრესია საბოლოო, ღვთიური მ ს ჯ ა ვ რ ი …

ნოემბერი 5, 2017

ციური ნარმანია ვალერიან ვეკუას შემოქმედებაზე

კიდევ ერთი საოცარი ლექსი: “შურიშ კარი”. როგორ შეიძლება წაიკითხო ეს ლექსი და სიკეთე არ თესო?! ლექსი, რომელიც პირდაპირ შემოდის სულში და სამუდამოდ უერთდება გულის ძგერას!

“… ქიანა თეშ მუჭო წურსი,
გინარჩქინა ღორნთიში?!
კოჩის რჩქილათ ეშმაკიში,
გოჭყოლადირ აფუ ჯიში…

სოფელს ბრელი ცოდა ხვილუ,
ნაშაყარა წანეფიში,
მარა ირფელს გინმოწონუნს
მარდ, ნაკეთებ მართალიში. ”

და პოეტის მიერ განვლილი გზა, რომელიც მისაბაძი მაგალითია ყველასთვის:

“… ვოცადუქი მარდი ფთასე,
მემიღ ჩქიმი მონკა ჯვარი,
ვამთქუალუ დღას ვარი,
ყუმენულს ქოფჩე წყარი.

ორქო, ვარჩხილ ვამშაყარუ,
მარდ ეწოპუნდ პირჯვარიში.
ირფელ ყუჩა ვამომღალუ,
მუთ გუაკეთ, მუთი ქიფში… ”

მას ყველაფერი არ მოუტანია სახლში. ნაწილი გზად დაურიგა გაჭირვებულს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ვალერიან ვეკუას ცხოვრების კრედო რწმენა, პატიოსნება, სიმართლე და სიკეთეა.

რა შესანიშნავი ნათქვამია: ”ფშუტა თავთავი თავს მაღლა იწევს, სავსე თავთავი თავს დაბლა სწევსო”. სწორედ ეს სავსე თავთავია ჩვენი პოეტი, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ კრებულში, “გზასავალი”, მოკრძალებულად წერს:

“პოეზიაში უკიდეგანო პრეტენზიები არცა მაქვს და არცა მქონია. მხოლოდ მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ოდაბადე-აფხაზეთი… ჩემი ჭეშმარიტების შესაბამისად ვარ მორწმუნე მართმადიდებელი ქრისტიანი. მჯერა უზენაესის ძლიერებისა…. გამრთელდება მრავალტანჯული სამშობლო.. ” … ჩემი ტკივილი, წარსულის გამოძახილი, თეთრად ნათენები ღამეები სამშობლოს მომავალზე ფიქრით და განცდილი აწმყო, ლექსებად ვაქციე.”

და ასე და ამგვარად ჩვენმა პოეტმა, ჭარმაგ ასაკში, ლექსებად დააბწკარა ფურცლებზე თავისი გულის მონაწური!!!

დევნილობაში მყოფმა კოლხმა პოეტმა გამოსცა ლექსების ოთხი კრებული. სენტენციები- “დევნილი კოლხის ფიქრები”, ავტობიოგრაფიული კრებული-“გზასავალი”.

ავტობიოგრაფიულ კრებულში-“გზასავალი” ვკითხულობთ:

“მოკრძალებული გზასავალი დევნილი კოლხისა, რომელიც ვცადე ამ ჟანრში გადამეწყვიტა, დიდი ნიკო დადიანის შემდეგ… მე გავბედე და შეფასება თქვენთვის მომინდვია…”

პოეტის ეს პროზაული ნაწილი შესანიშნავადაა გაჯერებული მისივე პოეზიით.
ვეცნობით პოეტის ცხოვრებას, მის ნააზრევს, ოდაბადეს: ულამაზეს, ეგზოტიკურ დაბა გულრიფს აფხაზეთის შავიზღვისპირეთში. პოეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთელი არსებით ზღვის შვილია და ზღვაზეა შეყვარებული. თუ როგორ ერკინებოდა ბავშვობაში ზღვის ბობოქარ, ფაფარაყრილ ტალღებს; თუ როგორ იტაცებდა ზღვის სტიქია….

“ზღვის ტალღებთან ჭიდილი და სულის ამბოხი ენით აღუწერელი რომანტიკაა” – ამბობს პოეტი.

“მიპყრობს სტიქია, ზღვა ჯადოქარი,
გიჟი ტალღები, ფაფარაყრილი,
ზვირთთა ღიმილი, ზღვა ჯადოქარი,
ურა ცხენები, ველად გაჭრილი…”
( “ზღვა”)

სწორედ აქ ჩამოუყალიბდებოდა ჩვენს პოეტს მისი რომანტიკული, მებრძოლი, ბობოქარი სული.

წიგნში “გზასავალი” პოეტი დიდი სიყვარულით იხსენებს გულრიფშის სკოლის მასწავლებლებსა და თანაკლასელებს. სოხუმის პედ. ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებსა და თანაკურსელებს, სადაც ჩვენმა პოეტმა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენს პოეტს ერთხანობა, ორიოდე წელი მოუწია მუშაობამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სამურზაყანოს ისტორიულ სოფ. ჩხორთოლში (თუ რატომ ისტორიული, შესანიშნავადაა ახსნილი კრებულში). აქ ცოტა ხნით გადავუხვევ თემიდან და მინდა გესაუბროთ ვალერი ვეკუაზე, როგორც პედაგოგზე;

ეს იყო 1975/76 სასწ. წ. მაშინდელი კომუნისტური წყობა. რუსეთი ჩვენი “მამა, მხსნელი და მფარველი”. მე იმ დროისთვის გახლდით ჩხორთოლის საშ. სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. წინ საოცარი პროგრამა გველოდებოდა ქართულში: მეცხრამეტე საუკუნე: აკაკი, ილია, ვაჟა. სამოციანელთა ბრძოლა. და სკოლის დირექტორმა გაგვაცნო ჩვენი ახალი, ახალგაზრდა მასწავლებელი, ვალერი ვეკუა. ეს უთუოდ უფლის წყალობა იყო, რათა დაუმახინჯებულად გვესწავლა მეცხრამეტე საუკუნის ეროვნული მოძრაობა. დღესაც მახსოვს ჩემი მასწავლებლის მიერ ახსნილი და გაშიფრული დიდი აკაკის მაჯამური ლექსი “აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა”.

“და ვიფიქრე ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ბურავს, თუ დღე უდგას სადარი…
გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას მონებდა
გამიკვირდა, ვთქვი: მტერს როგორ მონებდა?”

და ვალერი მასწავლებლის მიერ გაშიფრული: სატრფო რომანტიკოსებისთვის საქართველოა და მტერი-რუსეთი.

“მივაძახე ჭინჭარში ნუ ვარდები,
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!”
(აკაკი წერეთელი)

და მაშინაც სიმართლის მღაღადებელი მასწავლებელი გვიხსნის, რომ ვარდი სამოთხის ხატია, თავისუფლების სიმბოლო რომანტიკოსი პოეტებისთვის. დიდმა აკაკიმ იცის, რომ შენიღბული რუსეთი ჰპირდება დაცვას და სიმშვიდეს, მაგრამ ვერ იხსნის სულიერი სიკვდილისაგან, ვერ იქნება დამოუკიდებელი, რამეთუ ეს მხოლოდ თავისუფალ ქვეყანას შეუძლია.

სენტენციების წიგნში, “დევნილი კოლხის ფიქრები” ვალერი მასწავლებელი ამბობს: “ბოროტების ნიღაბი სათნოება რომ არ იყოს, იოლი იქნებოდა მისი დამარცხება.” ამით იმის თქმა მინდა, რომ მუდამ ბობოქრობდა მასში თავისუფალი და მებრძოლი სული, უკეთილშობილესი და მართალი გული. ნიჭიერი და გამჭრიახი გონება. ასე რომ, შეუძლებელი იყო ასეთ სავალალო ჟამს, როგორიც საქართველოს უდგას დღეს, გაჩემებულიყო ვალერი ვეკუა და მისგან ვულკანივით არ ამოეხეთქა სიმართლეს!!!

“აფეთქდა გული, აზრი აფეთქდა,
აფეთქდა გონი!!!
ამას რას ვხედავ! გადარეულა კაცობრიობა….
განა მე ვცდები?..
ასეა მგონი!….”
(ვალერიან ვეკუა_ “ასეა მგონი”)

კვლავ ვუბრუნდები პოეტის ავტობიოგრაფიულ კრებულს”გზასავალი”, სადაც პოეტი საუბრობს რუსეთის ბარბაროსობაზე. შელამაზების გარეშე გადმოსცემს საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას; სისხლიან 9 აპრილს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაანახა ნიღაბახდილი რუსეთის სისხლიანი ხელები.

პოეტი საუბრობს ღირსეული მამულიშვილის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოპოვებულ თავისუფლებაზე. შემდგომ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაზე.
და ბოლოს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია, სადაც პოეტმა ბოლომდე, სოხუმის დაცემამდე იცხოვრა.

პოეტი დეტალებში გადმოსცემს აფხაზეთის ტრაგედიას. ის სოხუმის დაცემის დღეს გამოვიდა აფხაზეთიდან ოჯახით. შემზარავია, თუ როგორ აღწერს, ბედის ანაბარად დარჩენილი მოსახლეობის ტრაგედიას. შევარდნაძისა და მისი დამქაშების ხელშეწყობით გაყიდულ აფხაზეთს…. მსხვერპლი, ასიათასობით უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა….

“ერს გახადე, მტერს ჩააცვი,
აღარა გაქვს უკვე ქანცი.
რომ ხარ ფლიდი, არაკაცი.
ერისკაცი ჯვარზე აცვი.”…….
(“ერს გახადე”. ვალერიან ვეკუა)

ვალერიან ვეკუას შემოქმედებაში ჩანს მისი ძლიერი ინტელექტი! ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. კარის პოეტებისაგან განსხვავებით, ის მარადიული ღირსების ერთგულია, რაც ნიჭია ღვთისგან ნაბოძები და ერთეულთა ხვედრია მხოლოდ!!!

“პატრონს ხოტბა უნდა უძღვნა,
მელექსე ხარ კარის როცა,
ღმერთმა პირი აღარ მოგცა,
წისქვილზე წყალს გისხამს დროცა.

ოცდაათი ვერცხლის შოვნა,
აღარ გიჭირს კუჭის მონას…
არ გაწუხებს სიტყვის წონა
და კაცობის აღარ ქონა…”….
. (ვალერიან ვეკუა.” მელექსე ხარ კარის როცა”).

პოეტი აღნიშნავს, თუ როგორ გრძელდება დღესაც რუსეთის პოლიტიკა. გაუბედურებული მოსახლეობა, რომელიც ერთმანეთზე გადაკიდებულ და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე მზრუნველ პოლიტიკოსებს საერთოდ დავიწყებია. ამ სავალალო მდგომარეობამ დააწერინა ჩვენს პოეტს საოცარი ლექსი:

“ბოროტს ამარცხებს კეთილი,
უფლის შეწევნით, ძალითა.
რამდენიც აღარ მიჭირდეს,
”ბილწს არ შევეკვრი ზავითა”…

გააკრეს ჯვარზე მამული
ფარისევლებმა ზაკვრითა.
მეც რომ იმ ჯვარზე გამაკრან,
“ბილწს არ შევეკვრი ზავითა “…
(”ბილწს არ შევეკვრი ზავითა”)

”გზასავალი”-ს მეორე ნაწილში პოეტი საკუთარ გულს ლექსებად უძღვნის თავის საყვარელ ხალხს: მშობლებს, ძმებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს. ამ ნაწილში თვალნათლივ ჩანს პოეტის ერთგული და მოსიყვარულე ხასიათი.

ფრიად საინტერესოა კრებულის ბოლო ნაწილი, სადაც პოეტის საყვარელი ხალხი, იგივე სიყვარულით გამსჭვალული პოეტისადმი ლექსად ალაპარაკებულან და ხოტბას ასხამენ და მადლობას უხდიან პოეტს.

კრებულის დასასრულს პოეტი ამბობს: “თუ ჩემი მოკრძალებული პოეზიიდან მკითხველმა რამდენიმე ლექსი მაინც გაითავისა, შეისისხლხორცა და თუნდაც ერთმა ლექსმა გულისკენ გზა იპოვა, მაშინ ბედნიერ კაცად ვიგულებდი თავს, რამეთუ ამ წუთისოფლად ფუჭად არ მივლია და ეს ღვთის წყალობაა უთუოდ”

ამის პასუხად ის მინდა ვთქვა, რომ ერთმა კი არა, მრავალმა ლექსმა დაიპყრო ჩემი გონება და სული და სამუდამოდ შეუერთდა გულის ძგერას. უღრმესი მადლობა ვალერიან ვეკუას თავის დროზე მყარი საძირკველის მოცემისა და დღეს კი თავისი პოეზიით ჩემი სულის კვებისთვის.

საოცარია ბატონ ვალერიან ვეკუას პოეზიის ლირიკული მხარე. ბატონი გიორგი ასათიანი “ცხოვრება აკაკი წერეთლისა”-ში წერს: “აკაკის თანამედროვე და მეგობარი, გერმანელი არტურ ლაისტი წერდა: “წაართვით საქართველოს აკაკი და… დარჩა ლირიკის ადგილი, რომელიც დიდხანს არ შეივსება”. საუკუნეზე მეტი გვაშორებს დიდი აკაკიდან და ოცდამეერთე საუკუნის აკაკის მე ვალერიან ვეკუაში ვხედავ.

ორასწლიანი პატიმრობის შემდეგ განადგურებული, დაქუცმაცებული, იარებისგან დასუსტებული საქართველო; სახლ-კარიდან იძულებით გდაადგილებული ასიათასობით ქართველი, უმწეობა, სასოწარკვეთილება; ნუგეში არსაიდან…. და ამ უმძიმეს პერიოდში, მალამოდ გვედება გულზე დევნილი კოლხის, ვალერიან ვეკუას პოეზია. უმძიმესი ჯვარი უტვირთია პოეტს.

მიუხედავად ტრაგიკული მომენტებისა,

“ვარ გაყიდული კოლხი,
ოდაც წამართვეს, ქოხიც,
ზღვაც წამართვეს და მიწაც,
ღმერთო, მებრძოდნენ ჯვრითაც”!
(“ღმერთო მებრძოდნენ ჯვრითაც”)

თუ ნოსტალგიისა და წარსულის გამოძახებისა,

“ჟამმა გამძარცვა,
არ შემიცოდა,
წლებმა წამართვეს,
ღმერთმა რაც მომცა.
მეც ღვინით სავსე
მიჭირავს თასი
და სიჭაბუკის
ნაკვალევს ვლოცავ”…
(“ნაკვალევს ვლოცავ”)

პოეტს ვერასდროს ვხედავთ გატეხილს:

“ვაჟკაცის ხერხემალი ფოლადის სიმივითაა დაჭიმული, რომელიც დრკება მხოლოდ და არ ტყდება”.
(“დევნილი კოლხის ფიქრები”. სენტენციები, გვ. 17. ვალერიან ვეკუა).

ბიბლიაზე დაყრდნობილ პოეტს უფრო უადვილდება მის სავალ გზაზე ნარ-ეკლის გაკაფვა. რწმენით გამსჭვალული პოეტი უფალს ავედრებს მამულს:

“უფალო გვიხსენ!
თუ ტრიალებს ჩარხი უკუღმა
და ილეწება კოლხთა თავზე
კალო სიკვდილის,
ან ძახილია ანგელოზთა
შვიდი საყვირის”…
(“შვიდი საყვირი”).

პოეტს სწამს და სჯერა, რომ საქართველო კვლავ გაბრწყინდება. ჯვარზე გაკრულ მამულს გარდაუვალი აღდგომა ელოდება.

“ვიტყვი, ვიტყვი უფლის ნებით,
კიდევ ვიტყვი სადღეგრძელოს…
იბერიის გაბრწყინების,
ერთიანი საქართველოს…

ვულოცავ ყველას, ვინც ბოლომდე
უერთგულა უფლის რჩევას,
ვინც კი ტაში არ დაუკრა,
უნამუსოდ ქვეყნის ნგრევას”…

გამარჯვების დასტურია ლექსები: “მჯერა”, “დაველოდები ჟამს”, “იმედის ზარი”, “დაქორწინება კრავი”.

პოეტი უზომოდ მადლობელია და მოიხსენიებს მამულიშვილებს, რომელთაც სიცოცხლე უძღვნეს მამულს:

“მძორს რომ დახარბდა სვავი,
უფალს ეახელ ზეცას,
შარავანდედი გმოსავს
ღმერთკაცს, მამულის დესპანს.

თუმც დაგიხანჯლეს გული,
ის გული ახლაც ფეთქავს,
ვერას დააკლებს მუმლი,
წმინდა ამბროსის ბექთარს…

გული უძღვენი მამულს,
სული კი მაღლა უფალს,
სვავი დღესაც ვერ იტანს,
ნათქვამს შენს მართალ სიტყვას”…
(“წმინდა ამბროსი ხელაიას”).

ჩვენს კოლხ პოეტს, ასევე მამულისთვის თავდადებული გმირების უკვდავსაყოფად, თავისი რამოდენიმე ლექსისთვის ეპილოგად წარუმძღვარებია წასული გმირების ბრძნული გამონათქვამი, თუ ლექსების ფრაზები.

პოეტის ხასიათს და ცხოვრების წესს აღწერს ლექსები: “კრედო”, “მინდობილი იმედის სხივზე”, “ღვინობისთვე”:

“… არა მსურს განძი მქონდეს მეტი არსობის პურზე,
არ მიცეკვია არასოდეს სხვის ტაშ-ფანდურზე,
მიყვარს მოყვასი, გული მტკივა მის გასაჭირზე,
არაკაცებო, არ გიმღერებთ ჩემს გუდა-სტვირზე.

არ დამდგომია არასოდეს არავინ პირზე,
ჩემი პერანგი მირჩევნია ნაბადზე სხვისზე,
მოთქმა რას მომცემს ან აწმყოზე და ან წარსულზე,
არაა ძალა უფრო დიდი უფლის დასტურზე”.
(“მინდობილი იმედის სხივზე”)

კოლხი პოეტი ლექსთა კრებულს, “ნანინა”, მამას უძღვნის:

“ო მამაჩემო ვართ ერთმანეთში,
როგორც ძე ღმერთი არს მამა ღმერთში”.
(“დევნილი კოლხის ფიქრები “. გვ. 16, ვალერიან ვეკუა).

კრებული მეგრულ ენაზეა დაწერილი და ახლავს შესაბამისი თარგმანი. აქ პოეტს სეპარატიზმს ვერავინ დააბრალებს. მას უყვარს ვაჟას ფშავი. უყვარს აკაკის იმერეთი, ილიას კახეთი. უფალს ავედრებს მამულს, ნიკოფსით დარუბანდამდე. ბუნებრივია მისი სამშობლო გულრიფშით, აფხაზეთიდან იწყება და ვრცელდება ნიკოფსით დარუბანდამდე. დევნილი კოლხი ნანინაზე ეხმიანება თავის ოდაბადეს, რათა უფრო თბილად მიაწვდინოს ხმა. მისი ფესვები იქ არის გადგმული. ამჟამად მოჭრილია ფესვებიდან, მაგრამ ვერასდროს მოთხრიან. სანუკვარ დროს ელოდება. პოეტისთვის აფხაზეთი ნესტან-დარეჯანია, რომელიც ქაჯებს ჰყავთ შეპყრობილი და ელოდება გამოხსნას, რომელიც გარდაუვალია:

“აღსრულდეს უნდა უცილოდ,
რაც შოთას დაუწერია,
განაცხადებსო დივნოსი,
დაფარულ არაფერია.
დამარხულ არსო ენაი,
ზოსიმე წერდა ბერია,
რომ მკვდრეთით აღსდგეს ლაზარე,
გაბრწყინდეს კვლავ იბერია”…
(“აღსრულდეს უნდა უცილოდ”)

სენტენციების კრებული, “დევნილი კოლხის ფიქრები”, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ეს არ არის კრებული, რომელიც ერთხელ წაიკითხო და წიგნების თაროზე შემოდო… შესავალში ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ხალხურ შემოქმედებას; ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, რამეთუ ზეპირსიტყვაობა არის საფუძველი ერის ისტორიისა და წარსულის ქვაკუთხედი.

“ამგვარად, “დევნილი კოლხის ფიქრები” შეიძლება ერთგვარ მოწოდებად იქცეს ამ კეთილშობილ საქმეში” – ამბობს ავტორი.

ეს კრებული, ავტორის მომავალზე ფიქრის, დაძაბული შრომის ნაყოფია. კრებულს დედას უძღვნის. მზრუნველ დედას, რომელიც მას უზომოდ უყვარს და პირველივე სენტენცია, რომელსაც კონტიტულზევე ვკითხულობთ: “დედა სანთელია, ჩუმად იწვის და გზას გვინათებს”. როგორ გულთან მისაწვდომი სიტყვებია. ეს არის კრებული, რომელსაც მუდამ თან ვატარებ. კრებული, რომელიც გონებას მინათებს და სიბრძნეს მიღაღადებს!!! და ბოლოს: ვარ აღფრთოვანებული მკითხველი, რომელსაც ყველა სიტყვა მეპატარავება მადლობის მოსახდელად, ამ ჭეშმარიტებისთვის და ამიტომ მინდა დავასრულო ვაჟა-ფშაველას ლექსით, რომელიც აკაკის მიუძღვნა. დღეს ამ ლექსს ჩემი თვალთახედვით ბატონი ვალერიან ვეკუა იმსახურებს:

“დავალებული გულისა
უნდა ამოსთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა,
შენს თვალზე ცრემლის დენამა…
ნეტავი ბევრი გაზარდოს,
შენისთანები დედამა.
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე, იცოდეს ყველამა.
გადაგვარების მოსურნე,
შეჭამოს ტურა-მელამა.
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა,
სამშობლოს სამსახურისთვის,
ჩანგი გიკურთხოს ზენამა”.

 

მაისი 11, 2016

ვალერიან ვეკუა – კუჭზე ფიქრით

10967204_863011723740713_1061173014_o
წუთისოფელში არაფერი თუ არ გადარდებს,
ვერც კი მიხვდები, ბორკილები როდის დაგადეს.

შენს ირგვლივ რამე კუჭზე ფიქრით თუ არ გაწუხებს,
რაღაც გაიგებ წუთისოფლის ხუნდებს, მარწუხებს?

მხოლოდ სიხარბით, უბადრუკო, გვამს თუ ალაღებ,
ასეთ ყოფაში სულს ვერაფრით ვერ გაალაღებ.

ორაგულივით არ მიაპობ მდინარის ტალღებს?
არვინ მოგართმევს ბორკილების ოქროს გასაღებს…

ქ. თბილისი
07.04.2016

თებერვალი 11, 2011

ვალერიან ვეკუა – ალექსანდრე ბატონიშვილს

(კრებულიდან “შვიდი საყვირი”)

სიზმარად ვნახე ალექსანდრე უფლისწული,
წუხელ იყო ხევსურეთში ამოსული,
რაშზე იჯდა ზვიადი და რაინდული,
უხდებოდა ჯაჭვ-პერანგი ხვარასნული.

ხელში ეპყრა უქარქაშო ორლესული,
კვლავაც გმირი, ბობოქარი მისი სული,
სამშობლოზე გული მაგრად ანთებული,
მასთან ერთად ჯვარცმული და წამებული.

ზრახვა რუსის მუდამ იყო ვერაგული,
სიავესაც აქვს თავისი დასასრული.
სიზმრად ვნახე ალექსანდრე უფლისწული,
უხდებოდა ჯაჭვ-პერანგი ხვარასნული.

Create a free website or blog at WordPress.com.