ვალერიან ვეკუა

თებერვალი 11, 2011

ვალერიან ვეკუა – ალექსანდრე ბატონიშვილს

(კრებულიდან “შვიდი საყვირი”)

სიზმარად ვნახე ალექსანდრე უფლისწული,
წუხელ იყო ხევსურეთში ამოსული,
რაშზე იჯდა ზვიადი და რაინდული,
უხდებოდა ჯაჭვ-პერანგი ხვარასნული.

ხელში ეპყრა უქარქაშო ორლესული,
კვლავაც გმირი, ბობოქარი მისი სული,
სამშობლოზე გული მაგრად ანთებული,
მასთან ერთად ჯვარცმული და წამებული.

ზრახვა რუსის მუდამ იყო ვერაგული,
სიავესაც აქვს თავისი დასასრული.
სიზმრად ვნახე ალექსანდრე უფლისწული,
უხდებოდა ჯაჭვ-პერანგი ხვარასნული.

Blog at WordPress.com.