ვალერიან ვეკუა

ნოემბერი 21, 2019

ვალერიან ვეკუა – სინათლის სხივი

საოცარია ღმერთი, ძალა სინათლის სხივის,
მოაქვს საკანში სინათლე და სალამი დილის…

სარკმლიდან მოჩანს, ჭადრაკივით, ნაგლეჯი ზეცის,
პატარა, მაგრამ დამთრგუნველი სასოწარკვეთის….

ადამიანი იბადება თავისუფალი,
არავის ძალუძს, გონი გახდეს ტყვე, პატიმარი…

სულს სიდიადეს რომ ანიჭებს ციდან უფალი,
უმთავრესია საბოლოო, ღვთიური მ ს ჯ ა ვ რ ი …

მარტი 11, 2011

ვალერიან ვეკუა – ჯიმა ღურელი (კითხულობს ტატო ვეკუა)

(კრებულიდან “შვიდი საყვირი”)

ვუძღვნი კოლხ ასულს-ლეილა შონიას, გალის რაიონის სოფელ წარშიც მკვიდრს, აფხაზეთის ტრაგედიის კიდევ მერამდენე ღია იარას.

წარჩის ზეგანმა ჩაიცვა თალხი,
ბრუნავს უკუღმა კოლხეთში ჩარხი,
ბედიის ტაძარს ჩამოხსნეს ზარი,
შეწყდა სიმღერა, დილის საარი.

იკივლა ნანამ, შესძრა ქვეყანა,
სიკვდილმა ისევ სძლია სიცოცხლეს,
წარჩელი ცირა, ლეილა მოჰკლეს,
ანაკლიაში ჰყიდიან ანას…

მახრჩობს ცრემლები და მწარედ ვტირი,
შემოგვეჩვია კოლხებს სიკვდილი…
ვტირი, გიორგის რომ ვეღარ ვშველი
დევნილი კოლხი, გულირიფშელი.

ახავოი, ნანა! ჯიმა ღურელი!..
ამდენი გლოვა, ამდენი ცრემლი…
უკვდავებაში არის ნათელი,
გმირებს ავუნთოთ თაფლის სანთელი.

ლეილა-ცრემლი, მშობლების დარდი,
სერაფიმებმა დაკრიფეს ვარდი…
დღეს მისი ბინა სამოთხე არი,
ანგელოზებმა გაუღეს კარი…

წარჩის ზეგანმა ჩაიცვა თალხი,
ბრუნავს უკუღმა კოლხეთში ჩარხი,
ბედიის ტაძარს ჩამოხსნეს ზარი,
შეწყდა სიმღერა, დილის საარი.

*ჯიმა ღურელი-აქ: ძმა მკვდარი (მეგრ) შეცხადება

Create a free website or blog at WordPress.com.