ვალერიან ვეკუა

მარტი 28, 2011

ვალერიან ვეკუა – ენა, მამული, სარწმუნოება

კარედიდან “ენა”

* * *
ენა ის საუნჯეა, რომელიც აკეთილშობილებს ერს და აახლოებს უფალთან.

* * *
ენა ერის ციხე-სიმაგრის ის გალავანია, რომლის მორღვევით ჩქარდება ერის სიკვდილი.

* * *
ენა სამიზნეა იმათთვის, ვისაც ერის სიკვდილი აქვს გადაწყვეტილი.

* * *
ენა ერის ძლიერების ლიბოა, ამის უარყოფა კი საფუძველს ურყევს ამ ძლიერებას.

* * *
ენა შესაძლებელს ხდის, მოხდეს ერის კონსოლიდაცია და მობილიზება უკეთესი მერმისის მისაღწევად.

* * *
ენისა და ერის გადარჩენა ცალ-ცალკე არ ხდება. ეს ერთიანი პროცესია და ამ კეთილშობილი საქმისათვის თავდადება ერის წიაღიდან უნდა მომდინარეობდეს. რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება დამღუპველია ორივესათვის.

* * *
ენის გარეშე ერი საჭურისია, ხოლო პირველი მეორის გარეშე-მკვდარი.

* * *
ენასთან ბრძოლით ერს ებრძვიან.

* * *
ენის მტერი ერის მტერია.

* * *
ენის უარყოფა ერის უარყოფაა; ერთიც და მეორეც-გაუცხოება და სიკვდილი.

* * *
ენის საკრალურობის უარყოფა ერის გადაშენებისკენაა მიმართული.

* * *
ენის მეოხებით ხდება ერში სიქველის აღზრდა.

* * *
ენისაგან მოწყვეტა ნიშნავს მოწყდე ერის წარსულს, ხოლო წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი.

* * *
ენის გარყვნა ერის გარყვნაა, ორივე ერთად-მათი გარდაუვალი სიკვდილი.

* * *
ენის აკრძალვა ერის სიცოცხლის აკრძალვაცაა.

* * *
ენას ესხმის მტერი.

* * *
ენის სიმდიდრე ერის კულტურაზე მეტყველებს.

* * *
ენას ქართველები დედას უკავშირებენ და დედაენას უწოდებენ, კოლხები ნანას უკავშირებენ და ნანინას ეძახიან; ორივე შემთხვევაში მშობელთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ქალთან; ქალი კი სულიწმინდას უკავშირდება, ღვთიურია, ერთარსი, უკვდავი, რომლის გზა წამების გზაა, ჯვარცმის გზა; ჯვარცმას კი უცილოდ აღდგომა უნდა მოჰყვეს, რაც გარდაუვალია.

* * *
ენის უარმყოფელს არ შეიძლება უყვარდეს ერი და იყოს მისი ქომაგი.

* * *
ენა ერის მზეა, მზე კი-სიცოცხლისა და უკვდავების სიმბოლო.

* * *
ენის სიწმინდე ერის ჯანმრთელობაზე მეტყველებს.

* * *
ენა ბუნებაში სიცოცხლის ხის ის ტოტია, რომელზეც ერია ჩამომჯდარი-მისი მოჭრა თვითმკვლელობას უდრის.

* * *
ენა ერის მაჯისცემაა.

* * *
ენა სხივია, ერის მაცოცხლებელი.

* * *
ენა სიმია, ერი ჩონგური: როგორც სიმის გარეშე მკვდარია ჩონგური, ასევე, ერი-ენის გარეშე.

* * *
ენის უკვდავება ერშია, ერისა კი-ენაში.

* * *
ენის გარეშე ერი უნაყოფო ხეს ემსგავსება.

* * *
ენის გარეშე არ არსებობს ეროვნულობა.

* * *
ენა მტერს ერით იგერიებს.

* * *
ენას ერისშვილები იცავენ.

* * *
ენის გუშაგი ერის ბურჯია.

* * *
ენის დამცველი ერის დამცველია.

* * *
ენის სიწმინდე ერის სიცოცხლეა.

* * *
“ენა, მამული, სარწმუნოება” ერის წმინდა სამებაა, ხოლო მისი დაცვა-ერის უკვდავება.

* * *
ენის მოძულეს ერი არ შეუყვარდება.

* * *
ენით ერი ღმერთთან საუბრობს.

* * *
ენას ღმერთი გაძლევს, ეშმაკი გართმევს.

* * *
ენის უარყოფა იგივეა, უარი უთხრა უფლის ნაბოძებს.

* * *
ენის უარყოფით ეშმაკის ლაბირინთებში შედიხარ ნებაყოფლობით, საიდანაც არ არსებობს გამოსავალი.

* * *
ენა უარყო ეს იგივეა, უარი თქვა სულზე, გვამის სადიდებლად: უსულო გვამი მკვდარია.

* * *
ენას უფალთან მიყავხარ.

* * *
ენის მგმობელი ერისთვის ღირსების მომტანი ვერ იქნება.

* * *
ენის გარეშე არა ხარ ერი.

* * *
ენის წართმევით აკვდინებენ ერს.

* * *
ენის დაბინძურებასთან ერთად იწყება ერის ავადმყოფობა.

* * *
ენის დაბინძურება აჩქარებს ერის სიკვდილს.

* * *
ენაზე ზრუნვა ერზე ზრუნვაა.

* * *
ენის დამახინჯებით მახინჯდება ერი.

* * *
ენის გაფრთხილება მომავლის ჭვრეტაა

* * *
ენას დამპყრობლები კლავენ.

* * *
ენა ის გზაა, რომელზეც ერი უსასრულოდ მიაბიჯებს: იკარგება ეს გზა, იღუპება ერი.

* * *
ენისა და ერის ბედნიერება განუყოფელია.

* * *
ენას ერი ტაძრამდე მიჰყავს.

* * *
ენის უკვდავებაში იწრთობა ერის უკვადავება.

* * *
ენის პატივისმცემელი ერის პატივისმცემელიცაა.

* * *
ენაზე შეტევით ერთან იწყებენ ომს.

* * *
ენას დღეს თუ ქვას ესვრიან, ხვალ ერს ტყვიას დაუშენენ.

* * *
ენას რომ ებრძვიან, იქ ერს არ ეფერებიან.

* * *
ენის დაცვით მამულიშვილი ქვეყანას იცავს.

* * *
ენა როგორც ერის, ისე ბერის კუთვნილებაცაა.

* * *
ენის წართმევით იოლდება ერის დამარცხება.

* * *
ენის წართმევით ხელყოფენ ერის სიცოცხლეს.

* * *
ენა თუ დაუცველია, ერი ვერ იქნება დაცული.

* * *
ენა იმ სახელმწიფოშია დაუცველი, სადაც ხელისუფლებაა მარიონეტი.

* * *
ენით იწყება ერის სიცოცხლე და მთავრდება მისი წართმევით.

* * *
ენა ის წყაროა, რომლის წართმევით წყურვილით კვდება ერი.

* * *
ენას კარგავ დღეს, ხვალ იღუპები.

* * *
ენაზე უარის თქმა იგივეა, უარი თქვა იავნანაზე.

* * *
ენისა და ერის სიყვარული აკვანთან ერთად ირწევა და ნანინათია ნასაზრდოები.

* * *
ენა ერთია ქვეყანაზე, რადგან ნანინაა ერთი.

* * *
ენას მოწყვეტილი ერი ეს იგივეა, როგორც-დედის მკერდს მოწყვეტილი ჩვილი.

* * *
ენა დედაბოძია დიდი ეროვნული ოჯახის, რომლის კერაზე ირწევა ერის აკვანი; ამ ბოძის წაქცევა ეროვნული ოჯახის დანგრევისა და გადაშენების ტოლფასია.

* * *
ენის შეგინებით მტერი ერის სიფხიზლეს ამოწმებს, შეტევაზე გადასასვლელად.

* * *
ენის წართმევა თუ გაგიბედეს, ქვეყნის წართმევას არ შეგეკითხებიან.

* * *
ენას დღეს თუ წაგართმევენ, ხვალ ქვეყნის დასაკარგად მოემზადე.

* * *
ენა ის წმინდა კარიბჭეა, რომლის შეგინებიდან სახლის წაქცევამდე ერთი ნაბიჯია.

* * *
ენის შემგინებელი მოყვარედ არ გამოგადგება.

* * *
ენა ის ბაირაღია, რომელიც ერს წინ მიუძღვის სასახელოდ და რომლის ღირსების დასაცავად ერის შვილები იხოცებიან, მაგრამ ამ გმირობის მაგალითზე იზრდებიან ღირსეული მედროშენი, დამცველები ღვთისგან ბოძებული უდიდესი სიწმინდისა, რასაც ნანინა ჰქვია.

* * *
ენა დედაენით იწყება.

* * *
ენა დაცვას საჭიროებს.

* * *
ენის ბედი, თუ უბედობა ერს მოეკითხება.

* * *
ენის საფრთხე ქვეყნის საფრთხეცაა.

* * *
ენას არ დაიცავ, დაკარგავ მამულს.

* * *
ენა ყრმას თუ შეაძულეს, ერი მის ხანდაზმულობამდე ვერ მიაღწევს.

* * *
ენა თოთო ბავშვითაა: ერთიც და მეორეც ერთნაირად მზრუნველობას საჭიროებს.

* * *
ენის დაბინძურება ეს იგივეა, ერს ბანგი გაურიონ სასმელში, რათა დააძინონ: მძინარეს უკეთ მოერევიან.

* * *
ენის შველა სახვალიო საქმე არაა.

* * *
ენა ცოცხალი ორგანიზმივითაა: იბადება, ვითარდება და კვდება. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება სიკვდილი ბუნებრივ შემთხვევად ჩაითვალოს-აქ უფრო მის მიმართ აგრესიასთან გვაქვს საქმე.

* * *
ენისა და ერის გამიჯვნით მათი სიკვდილი იწყება.

* * *
ენის და ერის გზაგასაყარიდან იწყება ორივეს სიკვდილი.

* * *
ენისა და ერის უკვდავება ამ უკანასკნელის სიფხიზლეზეა დამოკიდებული.

* * *
ენას ერი ამდიდრებს, მაგრამ ენის გაკოტრებიდან იწყება ერის სიკვდილი.

* * *
ენის სისუფთავეზე მზრუნველი ერი იხანგრძლივებს სიცოცხლეს, არა და-კვდება.

Blog at WordPress.com.